2018 წელს ფეისბუქზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საბერძნეთში ლგბტ აქტივისტებმა ეკლესიაში ხატები დააზიანეს. ამ ინფორმაციას დაზიანებული ხატების ფოტოებიც ერთვოდა.
ამ მაგალითში ფოტო ნამდვილია, დამუშავებული არ არის - ხატები მართლაც დააზიანეს, ოღონდ, არა ლგბტ თემმა, არამედ ადგილობრივმა ანარქისტულმა ჯგუფებმა, და თანაც არა 2018 წელს, არამედ ბევრად ადრე, 2010 წელს. ასე იქმნება მცდარი კონტექსტი კონკრეტული ჯგუფების, ამ შემთხვევაში კი, ლგბტ თემის წინააღმდეგ. ხშირად ეს მეთოდი საკმაოდ საშიშ ფორმებსაც იღებს, რადგანაც მოსახლეობაში არსებული შიშებითა და ემოციებით მანიპულირებით, განზრახ ასეთი ინფორმაციის მცდარი კონტექსტით გავრცელებამ, შესაძლოა, ფიზიკური ძალადობა წაახალისოს.