ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა სირთულე წარსულში დარჩა და საინფორმაციო ველი, ნებისმიერი სახის შეზღუდვისგან გათავისუფლდა. მეტიც, თანამედროვე სამყაროში, ადამიანები, სატელევიზიო მაუწყებლობისა და ინტერნეტის დანერგვის შემდეგ, ჭარბ და ინტენსიურ ინფორმაციულ ნაკადს, ყოველდღიურად, ხშირად გაუცნობიერებლად იღებენ. ასეთ პირობებში, ყალბი ახალი ამბების (Fake News) გავრცელება, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ერთ-ერთ მთავარ იარაღად იქცა. ფაქტებით მანიპულაცია, ნახევრადნამდვილი ამბავი, მტკიცებულებად წარმოდგენილი ფოტო ან ვიდეომონტაჟი და სხვა მრავალი მეთოდი არსებობს იმისთვის, რომ ყალბი ამბავი რეალურს დაემსგავსოს და ადამიანებმა მარტივად დაიჯერონ.
დეზინფორმაციის მსხვერპლი, შესაძლოა, თითოეული ჩვენგანი გახდეს და შემდეგ, თავად იქცეს არაზუსტი ინფორმაციის გამავრცელებლად. ამდენად, ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა, არა მხოლოდ ინდივიდუალურ ამოცანას, არამედ საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მისი სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია, არსებობს კონკრეტული მეთოდები, რომელთა გამოყენებაც დეზინფორმაციისგან გვიცავს.
როგორ გავფილტროთ ხარისხიანად ამბები, რომელსაც ვისმენთ?
ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი ფილტრი ჩვენი გონებაა. ამიტომ, საუკეთესო ფილტრი კრიტიკული კითხვების დასმაა. ეცადეთ გაარკვიოთ, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ამა თუ იმ ინფორმაციის გავრცელება, რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ამან და ა.შ.
როდესაც ჟურნალისტებს ინფორმაციის მოპოვებას ასწავლიან, ოქროს წესია, რომ ის რამდენიმე სხვადასხვა წყაროსთან გადამოწმდეს. სოციალური ქსელების განვითარებასთან ერთად, ჩვენც ვიქეცით სამოქალაქო ჟურნალისტებად, ამიტომაც, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელებისას, თითოეულმა ჩვენგანმა ამ წესით უნდა იმოქმედოს – ყველაზე სანდო მედია საშუალებებსაც კი, მოსდით შეცდომები და არ შეიძლება ბოლომდე ვენდოთ მხოლოდ ერთ წყაროს. დღეს, უკვე იმდენად ღიაა საინფორმაციო ველი, ციტატის ავტორთანაც კი შეგვიძლია გადავამოწმოთ რას ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე, რას წერს სოციალური ქსელის პირად გვერდზე. საბოლოოდ, კრიტიკული აზროვნება და კონტექსტის აღქმა, უალტერნატივო ფილტრია.
ვერიფიკაციის რამდენიმე ინსტრუმენტი
ინფორმაციის გადასამოწმებლად შეგიძლიათ, რამდენიმე ინსტრუმენტი გამოიყენოთ.
TinEye, რომელიც გაპოვნინებთ ამა თუ იმ ფოტოს ინტერნეტში ყველაზე ადრე ატვრითულ ვერსიას.
სურათის მიხედვით ძებნის გასამარტივებლად შეგიძლიათ ქრომისთვის RevEye დამატება დააყენოთ.
ფაილის მონაცემების სანახავად Jeffrey’s Metadata viewer გამოგადგებათ. ამ ინსტრუმენტს წამყვანი გამომძიებელი ჟურნალისტები იყენებენ, როცა მარტივად და სწრაფად სურთ მონაცემების ნახვა. ინსტრუმენტი უამრავ ფორმატთან მუშაობს.
უფრო რთული, მაგრამ დახვეწილი ინსტრუმენტია InVid. აქ ყველაფერი ერთადაა: სურათით ძებნაც, მონაცემების ნახვაც, ვიდეოს სქრინებად დაშლაც, რომელიც ცალკ-ცალკე იძებნება. ეს პლატფორმა, სხვებისგან განსხვავებით, ვიდეოს ასლებს Twitter-ზეც ეძებს.
ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირების 5 ხერხი
შეამოწმეთ წყაროს სანდოობა
დომეინის სახელი: არ ენდოთ ვებ-გვერდების უჩველო დაბოლოებებს, როგორიცაა ".com.co.", ".co" და სხვა.
მისიის განაცხადი: შეამოწმეთ “ჩვენ შესახებ” განყოფილება. ინფორმაცია შესაძლოა სატირული იყოს და ის რეალურ ამბავს არ ასახავდეს.
ავტორი: გადაამოწმეთ ინფორმაციის ავტორის ვინაობა. გსმენიათ, თუ არა მისი სახელი მანამდე? აქვს თუ არა სხვა სტატიები/სიუჟეტები მომზადებული და რა თემაზე? ხელმისაწვდომია, თუ არა მისი საკონტაქტო ინფორმაცია? რა რეპუტაციით სარგებლობს ავტორი?
ციტატები: გადაამოწმეთ მასალაში მოცემული ციტატების სიზუსტე. ვის ეკუთვნის სიტყვები? სწორად არის თუ არა მითითებული ციტატის ავტორი? გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა ციტატა და ციტატის ავტორი სწორი იყოს, თუმცა ავტორს ის სრულიად სხვა კონტექსტში ჰქონდეს ნათქვამი.
წყაროები: დააკვირდით, არის თუ არა კონკრეტული ინფორმაცია შესაბამისი წყაროთი გამყარებული. გადაამოწმეთ თავად ეს წყაროებიც, არიან თუ არა ისინი სანდო? შეესაბამება თუ არა მოცემული ინფორმაცია პირველწყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას? პროპაგანდისტული ჯგუფები ხშირად მანიპულირებენ სტატისტიკით, ამიტომ მოიძიეთ სტატისტიკის წყარო, კვლევითი ორგანიზაცია და გადაამოწმეთ კვლევის მეთოდოლოგიის სანდოობა.
ნუ წაიკითხავთ მხოლოდ სათაურს: ხშირად სათაური და მასალაში გადმოცემული ინფორმაცია ერთმანეთს არ შეესაბამება, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სტატია სრულად წაიკითხოთ. გადაამოწმეთ თარიღი: ხშირად პროპაგანდისტული ჯგუფები, არსებული კონტექსტის შესაბამისად, ძველ ინფორმაციას ავრცელებენ, რასაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს. გარდა ამისა, თარიღის გადამოწმება თავად ინფორმაციის გადამოწმებაშიც გვეხმარება. მოიძიეთ ინფორმაცია სხვა წყაროებშიც: შეამოწმეთ, ინფორმაციას მხოლოდ ერთი წყარო ავრცელებს, თუ ამის შესახებ სხვა მედია საშუალებებიც წერენ/აშუქებენ. მიაქციეთ ყურადღება, რამდენად სანდო და ავტორიტეტულია ის მედია, ვინც იდენტური მასალა გაავრცელა. ეს თქვენ დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რეალურია გავრცელებული ამბავი თუ ყალბი.
ყალბი ინფორმაცის წყაროები:
სოციალ ქსელებში:
საეჭვო გვერდები, საიდანაც ინფორმაცია ვრცელდება;
დაუჯერებელი, შოკისმომგვრელი ინფორმაცია;
გარკვეული ინფორმაციის ვირუსული გავრცელება;
არ არის მითითებული პირველწყარო.
ტელემედიაში:
დაუჯერებელი ისტორიები;
მწვავე და ემოციური ლექსიკა;
გამოსახულებისა და ჟურნალისტის მტკიცებულებების შეუსაბამობა;
ჟურნალისტის შეფასებითი მსჯელობა;
“თვითმხილველთა ჩვენებები”, რომელთა გადამოწმება შეუძლებელია
ბეჭდურ და ონლაინ მედიაში:
არაიდენტიფიცირებული წყაროების, ჭორების გამოყენება, რომელთა გადამოწმებაც შეუძლებელია;
ერთმანეთთან დაუკავშირებელი მოვლენების ერთ მასალაში ხელოვნურად გაერთიანება;
ადამიანებისა და მოვლენების აღწერისას ემოციური სიტყვების გამოყენება;
კატეგორიული შეფასებითი მსჯელობა;
მოქმედებისკენ მოწოდება.
Comments